გასულ პარასკევს, ვლადიმერ პუტინმა, ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმზე, პირდაპირ ეთერში საუბრისას ღიად განაცხადა, რომ რუსეთისთვის კარგი იქნება, თუკი NATO დაიშლება. თუმცა, იქვე დაამატა, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას ბლოკის შიგნით ჯერ ვერ ამჩნევს.
რუსეთის პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა NATO-ს, როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის, დანიშნულების საკითხიც და გააკრიტიკა ევროპული სახელმწიფოები შეიარაღებისა და თავდაცვის სფეროში ბიუჯეტის გაზრდის გამო, „თუკი, მათ არ სურთ თავს დაესხან ვინმეს.“ ასევე, აღნიშნა: „ჩვენ ვხედავთ, როგორ ფართოვდება და გვიახლოვდება ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა, რაც რა თქმა უნდა რუსეთისთვის წუხილის საკითხია“
NATO, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ცივი ომის დასაწყისში შეიქმნა, როგორ საბჭოთა კავშირის დამბალანსებელი.
ეს განწყობა რუსეთში კვლავ არსებობს, ამიტომაც ვლადიმერ პუტინის ზემოთ აღნიშნული განცხადება დონდალ ტრამპისადმი პასუხს წარმოადგენდა, რომელმაც გასულ კვირას, NATO-ს სამიტზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისადმი უკმაყოფილება გამოთქვა კოლექტიური თავდაცვის შესახებ მუხლთან დაკავშირებით და მოუწოდა მათ გაეზარდათ სამხედრო ბიუჯეტი GDP-ის 2 %-მდე. (აშშ ყველაზე მეტს იხდის ალიანსის დაფინანსებისთვის ) დონალდ ტრამპი უფრო შორსაც წავიდა და ორგანიზაციის წევრებს მიანიშნა, რომ თუკი მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, NATO-მ შეიძლება დაკარგოს აშშ-ის მხარდაჭერა.
NATO-ს მე-5 მუხლის მიხედვით, კოლექტიური თავდაცვა გულისხმობს, რომ თუკი ალიანსის რომელიმე წევრის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება, დანარჩენი წევრები ვალდებულნი არიან დაეხმარონ მას სამხედრო თუ სხვა საშუალებებით.
დიპლომატებისა და მკველვარების სხვადასხვა შეფასებებით, დონალდ ტრამპის მსგავს რეპლიკებს, შესაძლოა გავლენა ჰქონდეს რუსეთის დამოკიდებულებაზე ალიანსის მიმართ.
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, გასულ კვირას საკმაოდ ხისტი განცხადებით გამოვიდა სადაც აღნიშნა: „დრო, როდესაც ჩვენ შეგვეძლო სრული ნდობა გამოგვეცხადებინა ჩვენი მოკავშირეებისთვის (იგულისხმება აშშ), უკვე დასრულდა“.
ვლადიმერ პუტინი, პირდაპირი ტრანსლიაციის დროს სანქციებსაც შეეხო, რომლებიც რუსეთს 2014 წლის შემდეგ დაუწესდა ევროკავშირისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამასაგან, რაც ერთგვარ დამსჯელობით ღონისძიებას წარმოადგენდა უკრაინისადმი განხორციელებული აგრესიისა და ყირიმის ანექსიის გამო. რუსეთის ეკონომიკა, სანქციებისა და ნავთობის ფასის დავარდნის გამო, 0.6 %-ით შემცირდა წინა წელს, 2015-ში კი თითქმის 4%-ით, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით.
როგორც ჩანს, ამ შედეგებით გაღიზიანებულია ვლადიმერ პუტინი. მან აშშ რუსეთის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა და დაამატა, რომ „დღეს, ძალიან ცოტა სახელმწიფო თუ დარჩა, რომელსაც სრული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრივილეგია აქვს“. დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის კავშირს აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ჰაკერულ თავდასხმასთან დაკავშირებით, პუტინი „ჰისტერიას“ უწოდებს და ირონიულად კითხულობს, „არსებობს თუ არა რაიმე წამალი, რომ ეს ჰისტერია შეწყდეს?“
რაც შეეხება NATO-ს წევრებს შორის შესაძლო დაძაბულობას, საერთოევროპული განწყობა, რომ თითქმის 70 წლის ალიანსის არსებობა აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, ფართოდ გაზიარებულია. ამასთან, ევროპული სახელმწიფოები კარგად აცნობიერებენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა მხოლოდ დროებითია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მისი რეიტინგი არც ისე მაღალია აშშ-ში.
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”