close
ფსიქოლოგია

როგორია მეტყველების განვითარების ეტაპები ბავშვებში – სპეციალისტის რჩევა

ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი ,საზოგადოების“ ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, სოფო მელაძე ბავშვებში მეტყველების განვითარების შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ეტაპებს ბავშვთა ასაკის მიხედვით ასახელებს.

🔹 0-6 თვე – თვალს აყოლებს მოსაუბრეს, აბრუნებს თავს ხმის მიმართულებით. ცნობს დედას. ღუღუნებს. შესაძლოა ღუღუნის დროს გამოთქვას ა, ი, გ.

🔹 6-12 თვე – ტიტინებს. ცდილობს გაიმეოროს უფროსის მიერ წარმოთქმული ბგერები. იყენებს ბგერათა მიმდევრობას რაიმე სიტყვის გამოსახატავად, მაგ: ნტა- წყალთან ასოცირებულია. მოსაუბრის მარტივ ინსტრუქციებს პასუხობს მოტორული მოძრაობით, მაგ: ტაშის დაკვრა, სათამაშოს მიწოდება. როცა ასახელებენ პიროვნებას/საგანს ცდილობს მას შეხედოს, მაგ: დედის ხსენებაზე უყურებს დედას.

🔹 1-2 წელი – ჩნდება პირველი გააზრებული სიტყვები. მიუთითებს სხეულის ერთ ნაწილზე მაინც. ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სიტყვებზე. ესმის და ასრულებს ერთსაფეხურიან ინსტრუქციას. ესმის 50-80 მდე სიტყვა. ესმის მარტივი შეკითხვები.

🔹 2-3 წელი – ესმის რამდენიმე ასეული სიტყვა (300-მდე). იყენებს 2-3 სიტყვას, მაგრამ ზოგჯერ გრამატიკულად სწორად არ ადგენს წინადადებებს. სიტყვიერად პასუხობს მარტივ შეკითხვებს. ასრულებს 2-საფეხურიან ინსტრუქციას. სიამოვნებით უსმენს მოკლე ზღაპრებს, ხშირად ილუსტრაციებით თვითონაც ცდილობს ამბის მოყოლას. მიუთითებს სხეულის 6 ნაწილზე. განასხვავებს მინიმუმ 3 ფერს.

🔹 3-4 წელი – სწავლობს ზედსართავ სახელებს, მაგალითად იცის რომელია დიდი/პატარა, მაღალი/დაბალი. იწყებს მრავლობითი რიცხვის გამოყენებას. იყენებს ბევრი/ცოტა-ს. იწყებს კითხვების დასმას. ესმის 1500 მდე სიტყვა. იწყებს სივრცითი მიმართებების გამომხატველი სიტყვების გამოყენებას. მაგ: შიგნით, გარეთ, ზემოთ, ქვემოთ.

🔹 5 წელი – მდიდრდება მისი სიტყვათა მარაგი. უკვე იყენებს ემოციების გამომხატველ სიტყვებს. ემოციასა და მიმიკას აკავშირებს. იწყებს არსებითი და ზედსართავი სახელის სწორად შეწყობას ბრუნვასა და რიცხვში. მოყოლის დროს რამდენიმე წინადადებას აკავშირებს კავშირებით. იყენებს გარემოებისა და განსაზღვრების აღმნიშვნელ სიტყვებს, მაგ: ჩქარა გაიქცა. ჰყვება წარსულში მომხდარ ამბავს. სვამს კითხვებს რატომ? როდის? სად?

🔹 6 წელი – შეუძლია, განასხვაოს რეალური და გამოგონილი სიტყვები. სწორად რამოდენიმე სპეციალური და ტექნიკური ტერმინი, მაგ: პედიატრი- ბავშვების ექიმია. ასახელებს საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს. სვამს კითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად. ზღაპრის მოყოლისას ცდილობს გამოიცნოს რა მოხდება. შესაძლოა გამოთქვას პირველი ვარაუდები. იწყებს მაქვემდებარებელი კავშირების გამოყენებას: რომ, რომელიც, თუ, რადგან. იცვლის ინტონაციას, ანუ ხვდება რომ ოჯახის წევრს სახლში სხვანაირად უნდა მიმართოს ხოლო უცხო ადამიანს ქუჩაში შედარებით მორიდებულად.

* სპეციალისტმა სტატია დაამუშავა გაეროს ბავშვთა ფონდის 2010 წლის პუბლიკაციით „ადრეული განვითარების სტანდარტები”, ასევე – ვ. ბრიუგე და კ. მოსის წიგნით „ასე სწავლობენ ბავშვები ლაპარაკს”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0